ქუთაისში სამგზავრო ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178 მუხლით (ყაჩაღობის მცდელობა).
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს არჩილ ნიჟარაძეს, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„დღეს, 16 დეკემბერს, საღამოს მოხდა ეს ფაქტი, საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მგზავრობდა ამ ავტობუსით, იყო ძალიან ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. პრაქტიკულად იყო არაადეკვატური, ვერ აცნობიერებდა მის საქციელს. მძღოლმა, როდესაც გააჩერა ავტობუსი შედარებით დიდ გაჩერებაზე, რომელიც 3-4 წუთი გრძელდება და ჩავიდა სიგარეტის მოსაწევად, ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოჯდა საჭესთან. არც აგრესია გამოუჩენია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის, რაიმე ძალადობაზე ზედმეტია საუბარი. დაძრა ავტობუსი და დაახლოებით 20-30 მეტრი გაიარა. რის შემდეგაც ის შეაჩერეს. მას არანაირად არ ჰქონდა რაიმეს მისაკუთრების ან გატაცების მიზანი", - გვითხრა არჩილ ნიჟარაძემ.