Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბელარუსში საბატალიონო ტაქტიკური სწავლება იმართება


რუსეთის არმიის ტანკი ბელარუსში. 2022 წ. ნოემბერი.
რუსეთის არმიის ტანკი ბელარუსში. 2022 წ. ნოემბერი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსში საბატალიონო ტაქტიკური სწავლების შესახებ გამოაცხადა. 19 დეკემბერს მინსკში შეხვედრას გამართავენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ეს ბელარუსში პუტინის პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მანევრების ვადები არ დაუზუსტებია.

რუსეთის ჯარისკაცების პირველი ჯგუფები ბელარუსში ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩავიდნენ. მანამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ქვეყანაში ერთობლივი სწავლებისთვის ჩავა რუსეთის ცხრა ათასამდე სამხედრო, ასზე მეტი ტანკი, ჯავშანმანქანა და ნაღმსატყორცნი, ასევე ავიაცია.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ლუკაშენკამ მორიგი ბრალდება გამოთქვა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, კიევი ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადება. უკრაინამ უარყო ეს ბრალდებები.

დეკემბრის დამდეგს ლუკაშენკამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედროები მომზადებას გადიან „როგორც ერთიანი დაჯგუფება, ერთიანი არმია“. 13 დეკემბერს ბელარუსში ლუკაშენკას ბრძანებით დაიწყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება.

ლუკაშენკას თქმით, მინსკში პუტინთან შეხვედრაზე იგეგმება „სტრატეგიის საკითხების“ განხილვა, პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ასევე მოლაპარაკებები შეეხება ბელარუსისა და რუსეთის გარშემო შექმნილ „სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას“.

ბელარუსის არმია არ მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარები ახორციელებდნენ კიევზე იერიშს 2022 წლის თებერვალ-მარტში. გარდა ამისა, ბელარუსის ტერიტორია გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და საავიაციო იერიშების საწარმოებლად. ამასთან დაკავშირებით დასავლეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა, თუმცა ნაკლებად მკაცრი, ვიდრე რუსეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG