უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 დეკემბერს ვაშინგტონში ისტორიული სიტყვით მიმართა კონგრესის წევრებს და უთხრა, რომ ყველა ვარაუდის მიუხედავად, უკრაინა კვლავაც დგას.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას მერე, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში გამოსვლამდე ზელენსკი იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
კონგრესში მისვლისას ზელენსკის ამერიკელი კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ. უკრაინა "არასოდეს დანებდება", უთხრა მათ ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიმდინარე კონფლიქტი სცდება მხოლოდ მისი ერის ბედს, რომ ამ კონფლიქტით ხდება მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის გამოცდა.
"ამ ბრძოლის უგულებელყოფა არ შეიძლება იმ იმედით, რომ ოკეანე ან რაიმე სხვა იქნება დამცველი", - თქვა ზელენსკიმ, რომელმაც თავისი სიტყვა მთლიანად ინგლისურ ენაზე წარმოთქვა.
გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე.