Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში სასტუმროზე საარტილერიო თავდასხმის დროს დაიჭრა დმიტრი როგოზინი, დაიღუპა ორი პირი


დმიტრი როგოზინი. მოსკოვი. 2022 წლის 19 მაისი.
დმიტრი როგოზინი. მოსკოვი. 2022 წლის 19 მაისი.

დმიტრი როგოზინი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ერთ დროს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი, უკრაინის არმიის საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა დონეცკის მახლობლად არეალში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

როგოზინმა Telegram-ით გაავრცელა ცნობა, რომ მას საავადმყოფოში უკეთებენ ოპერაციას მას მერე, რაც 21 დეკემბერს მხარში დაიჭრა. თავდასხმის დროს დაშავდნენ სხვა პირებიც.

ბიბისის ცნობით, ორი პირი დაიღუპა. როგოზინი აცხადებს, რომ ვიღაცამ „ინფორმაცია გასცა“ იმის შესახებ, ვინ იყო სასტუმროში. როგოზინი ამბობს, რომ რამდენიმე თვეა იქ იმყოფება, თუმცა მსგავსი აქამდე არ მომხდარა. როგოზინი მიიჩნევს, რომ თავდასხმა გამიზნული იყო.

21 დეკემბრის ინციდენტის დროს დაიჭრა ასევე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის მეთაური ვიტალი ხოცენკო.

ბიბისის თანახმად, დარტყმა მიაყენეს სასტუმროსა და რესტორანს სახელწოდებით „შეშ-ბეში“. არსებული ცნობით, რომელიც ეყრდნობა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის მეთაურის, დენის პუშილინის ნათქვამს, ორი პირი დაიღუპა.

როგოზინის თქმით, მოხალისეთა ერთ-ერთი რაზმის დაბრუნების შემდეგ, სასტუმროში გაიმართა „სამუშაო შეხვედრა ვიწრო წრეში და მშვიდ გარემოში“.

ტელეარხი „ბაზა" იტყობინება, რომ როგოზინი რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდა.

XS
SM
MD
LG