„ბახმუტის მიმართულებით რუსეთის ჯარის წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში მკვეთრად შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა რუსეთის იერიშმა კულმინაციას“, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში.
რუსი ბლოგერები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები უკუაგდეს იმ პოზიციებამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ დაკავებული.
უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინულმა ძალებმა მთლიანად განდევნეს რუსული ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნებიდან. ISW-ის შეფასებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ჯარებმა უფრო ნაკლები შეტევა განახორციელეს ამ მხარეში, ვიდრე ოქტომბერში.
„რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება. არაა გამორიცხული, რომ მათ სცადონ ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის აღება“, იტყობინება ISW.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების ამჟამინდელ შესაძლებლობებზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია „ვაგნერის“ მძიმე დანაკარგებმა.