Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ტოქსიკოლოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა


დევიდ სმიტი, ამერიკელი ტოქსიკოლოგი
დევიდ სმიტი, ამერიკელი ტოქსიკოლოგი

ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ, მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის ინტოქსიკაცია 2022 წლის მარტში მოხდა მანამ, სანამ მას კლინიკაში გადაიყვანდნენ. ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა დისტანციური ჩართვისას განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავენ. ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლოზე ჩვენებას ინგლისურ ენაზე აძლევს, ჩვენებას მისდევს თანმიმდევრული თარგმანი.

"ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში, ვიდრე მას გადაიყვანდნენ და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა ორგანიზმში სხვადასხვა ორგანო", - თქვა ტოქსიკოლოგმა. ადვოკატის დაზუსტებაზე, მოწამლეს თუ არა სააკაშვილი ციხეში, სმიტი უპასუხებს, რომ მძიმე მეტალებისგან ინტოქსიკაციამ გამოიწვია ტვინის დაზიანება და კრუნჩხვები. ამის შემდეგ ადვოკატმა კითხვა გაიმეორა, სმიტმა კი უპასუხა:

"მას სიმპტომები უკვე ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებაში. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი მოწამვლა, არამედ მანამდე, ციხეში".

სასამართლოზე ჩვენებისას სმიტმა ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალით, მათ შორის ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ბარიუმით, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს.

"მან [მიხეილ სააკაშვილმა] განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, განსაკუთრებით დაზიანდა თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანებას, ასევე ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებები, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთი, როგორიცაა გული და თირკმელი".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მისი ევროპის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა სამკურნალოდ.

სააკაშვილის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, დღეს უკვე მეოთხე სხდომა ტარდება.

XS
SM
MD
LG