Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადი აცხადებს, რომ აიღებენ ბარიკადებს ჩრდილოეთ კოსოვოში


დამწვარი სატვირთოები მიტროვიცაში
დამწვარი სატვირთოები მიტროვიცაში

კოსოვოს ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ჩრდილოეთით ეთნიკური სერბების მიერ აღმართულ ბარიერებს უახლოეს დღეებში აიღებენ. ეს განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მას რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ბარიკადების დემონტაჟი. ხუთშაბათს დილით საავტომობილო გზების გადაკეტვის მიზნით მომიტინგეების მიერ გამოყენებულ სატვირთო მანქანებს ქალაქ კოსოვსკა მიტროვიცაში ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდოდ, მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს ადგილობრივმა სერბებმა, რომლებიც ვუჩიჩის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, იუწყება რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახური შემთხვევის ადგილიდან.

კოსოვოს ჩრდილოეთით დაძაბული ვითარება ნოემბრის შემდეგ შენარჩუნდა. ასობით პოლიციელმა და ადვოკატმა დატოვა სამსახური იმის გამო, რომ აპროტესტებდნენ პრიშტინას გადაწყვეტილებას ავტომობილებზე სერბეთში გაცემული სანომრე ნიშნების გამოყენების აკრძალვას.

კვირის დასაწყისში სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა.

სიტუაციის ესკალაციაში სერბეთს ადანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლება. სერბული მედიის ცნობით, საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა კოსოვოს არმიაშიც.

ბელგრადსა და პრიშტინას შორის კონფლიქტი გამწვავდა 2022 წლის ივლისიდან, როცა კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა სერბეთიდან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების ამოქმედება და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს მოსთხოვა ავტომანქანების სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა. პროტესტის ნიშნად სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების ამოქმედება გადადო. ნოემბრის ბოლოს ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში გაიმართა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება ისევ დაიძაბა დეკემბრის შუა რიცხვებიდან.

ბელგრადი არ აღიარებს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას. რესპუბლიკის ორი მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, სერბების რაოდენობა დაახლოებით 120 ათასს შეადგენს.

XS
SM
MD
LG