ევროპის კავშირმა ჩინეთს შესთავაზა COVID-19-ის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია, რათა დაავადების მასობრივი გავრცელების შეკავებაში დაეხმაროს პეკინს. ჩინეთში კორონავირუსის ხელახალი გავრცელება შეინიშნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყნის მასშტაბით გაეუქმებინა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
როგორც ბრიტანეთის გაზეთი Financial Times-ი იტყობინება, ინიციატივა ჩინეთს შესთავაზეს ევროკავშირის ქვეყნებისა და ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე. შეხვედრა 3 იანვარს იმართება. ევროკავშირის ჯანდაცვის საკითხების კომისიის თავმჯდომარეს, სტელა კირიაკიდუსს, სურს შეიმუშაოს „ევროპული პასუხი“ კორონავირუსის ახალი ინფექციის გაჩენის პერსპექტივაზე, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა უარი თქვა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაზე.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჭარბი რაოდენობით ვაქცინები მოეპოვებათ. პეკინს ჯერჯერობით არ უპასუხია ბრიუსელის წინადადებისთვის.
2022 წლის დეკემბერში, ლოკდაუნების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა პრაქტიკულად ყველა შემზღუდავი ზომა, რომლებიც მანამდე შემოღებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ კურსთან ასოცირდებოდა. ამის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკაცრი ზომების გაუქმების შემდეგ ყოველდღიურად ჩინეთის მილიონობით მოქალაქე ავადდება COVID-19-ით. ქვეყნის მასშტაბით გადატვირთულია საავადმყოფოები. ყველაზე დაუცველი ჯგუფია ხანდაზმულები. იტყობინებიან ასევე, რომ გადატვირთულია კრემატორიუმები.