ავიაკომპანია Wizz Air-მა „გულწრფელი მწუხარება“ გამოხატა 7 იანვრის ინციდენტის გამო, როცა მისმა კოლეგებმა მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, „სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა“.
თავის განცხადებაში ავიაკომპანია ბოდიშს უხდის იმ მგზავრებს, რომელთა „მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა“ და იტყობინება, რომ ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების „დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია“.
Wizz Air-ი ცდილობს თავის მგზავრებს შესთავაზოს „სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება“. განცხადების თანახმად, პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფ მგზავრებს ავიაკომპანია სთავაზობს რამდენიმე ალტერნატივას, „რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, ხვალ კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით“.
Wizz Air-ი მეორე ალტერნატივად მათ ვარშავის აეროპორტში გადაყვანას და ორშაბათის რეისზე განთავსებას სთავაზობს.
რეისის გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის შესახებ მოქმედი წესები კომპენსაციის, სასტუმროსა თუ ტრანსპორტირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულია Wizz Air-ის ვებსაიტზე.