Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს


თელავი
თელავი

დაახლოებით 12-საათიანი უწყვეტი თოვის გამო დღეს, 9 იანვარს, თელავში მუნიციპალურ ტრანსპორტს მუშაობა არ განუახლებია. რადიო თავისუფლებას თელავის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ივანე იორდანიშვილმა უთხრა, რომ ამ დროისთვის [11:40სთ] ყველა ავტობუსი დეპოში დგას - მძღოლები ელოდებიან მუშაობის დაწყების მითითებას.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა თელავის მერიამაც. როგორც რადიო თავისუფლებას მერმა, ლევან ანდრიაშვილმა უთხრა, გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია და სამუშაოები გრძელდება.

„მობილიზებული გვყავს ტექნიკა. გუშინ ღამის შემდეგ მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. პირველ ეტაპზე გაიწმინდა ცენტრალური ქუჩები და მიმდებარე გზები. არსებულმა მდგომარეობამ გარკვეული უხერხულობა შექმნა მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პრობლემა მალე მოგვარდება“, - თქვა ლევან ანდრიაშვილმა.

თოვამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ნაწილზეც. ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, სოფელ გომბორში და შუამთის მონასტრის გადასახვევთან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ხოლო საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომბორის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა
გომბორის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში თოვას პრობლემები არ შეუქმნია.

XS
SM
MD
LG