ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ 9 იანვარს ფლორიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, იმ ფონზე, როცა ბრაზილიაში დააკავეს მისი 1000-მდე მხარდამჭერი, მას მერე, რაც მათ შაბათ-კვირას დედაქალაქზე მიიტანეს იერიში.
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა დე სილვა - მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა გასულ კვირაში დაიწყო, არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტი ბოლსონარუს დამარცხების შემდეგ - გამოვიდა პირობით, რომ თავდამსხმელები პასუხს აგებენ.
ბოლსონარუს მომხრეები, რომლებიც გაყალბებულად მიიჩნევენ 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, 8 იანვარს შეიჭრნენ ქვეყნის კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და დაახლოებით სამი საათის შემდეგ შეძლო შენობებიდან თავდამსხმელების გაყვანა.
თავდასხმების შესახებ ლულა დე სილვა ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტის ოფისი.
ბრაზილიაში 8 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა 2021 წლის 6 იანვარი, როცა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მომხრეები კონგრესში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ მას არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.