Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტიის წევრის თქმით, სამინისტრომ იძულებული გახადა, თეატრალურ უნივერსიტეტში საქმიანობა შეეწყვიტა


რუსუდან თევზაძე
რუსუდან თევზაძე

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" წევრი რუსუდან თევზაძე, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა, ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამინისტრომ იძულებული გახადა სამსახური დაეტოვებინა.

თავის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ სამინისტრომ "უაპელაციოდ და მიკერძოებულად" გადაწყვიტა, რომ პარტიული კუთვნილების გამო, აღარ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი წელი უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ვემსახურე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, შესაბამისმა კურატორმა სამინისტრომ, სრულიად უაპელაციოდ და მიკერძოებულად გადაწყვიტა, რომ ჩემი პარტიული კუთვნილების გამო, აღარ უნდა ვიკავებდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევით პოზიციას და პრაქტიკულად უნივერსიტეტი თავისი თანამშრომლებით აიყვანა მძევლად და დაიწყო გაცხოველებული ვაჭრობა ბიუჯეტის საკითხით. ცხადია, პერსონალურ ეგოს და პირად ინტერესს ვარჩიე ჩემი ძვირფასი კოლეგების ბედი და მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა უნივერსიტეტთან საქმიანი ურთიერთობა", - წერს რუსუდან თევზაძე.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი დეტალურად ჰყვება, რა უძღოდა წინ უნივერსიტეტიდან მის წასვლას. მისი სიტყვებით, მინისტრმა თეა წულუკიანმა რექტორს პირადად უთხრა, რომ რუსუდან თევზაძეს სამსახური უნდა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის დაფინანსება არ გაიზრდებოდა.

თევზაძის თქმით, საქმე ეხება მთავრობის განაცხადს, 2023 წელს სამინისტროებისა და სსიპ-ების ბიუჯეტების გაზრდაზე.

"მოიცალა კონკრეტულად და ქმედითად ჩემთვის... ბიუჯეტი კი გაეზარდა კულტურის სამინისტროს, მაგრამ ეს ბიუჯეტი წაიღო საკუთარ შემოსავალში, ჩაიდო ჯიბეში და დაელოდა მომენტს ჩასაფრებულად. აი, იქ დაიწყო ვაჭრობა - [რუსუდან] თევზაძე წაბრძანდება, წაეთრევა, უსაქმური... და მაშინ მიიღებთ უნივერსიტეტი გაზრდილ ბიუჯეტს. ეს მესიჯები ითქვა მინისტრისგან, შუაში მყოფი ძალიან ცნობადი პერსონებისგან, რომელთა გვარ-სახელებს ვერ ვიტყვი. პირისპირ მითხრეს მე ეს... აი, ასეთი, ქურდული გარჩევის პრინციპით, შემოთვლებით, დაბარებით, ფიზიკურად ადამიანები მოვიდნენ...

ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად [უკავშირდება პარტიულ საქმიანობას] და მინისტრისგან სიტყვიერადაა ნათქვამი, რომ "ეს ქალი, უსაქმური, ორ საქმეს ვერ გააკეთებს", - ჰყვება ის.

კითხვას, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს უნივერსიტეტის თანამშრომლები, რექტორი, რუსუდან თევზაძემ ასე უპასუხა:

"ძალიან ბევრმა თანამშრომელმა ივაჟკაცა, მირეკავენ, მწერენ. ბევრს ჰქონდა [აზრი], რომ... გვირჩევნია ასე, სტაბილურად, როგორღაც გავიაროთ ეს ორი წელი... ძალიან მიჭირს ამის თქმა ... წითელ ხაზზე ღირსეულად ვერ გაიარა რექტორმა. ძალიან შეეშინდა და გაუწვა ბოლომდე".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თეატრალურ უნივერსიტეტს. მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

25 ნოემბერს თეატრალურ უნივერსიტეტს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. "ამ უნივერსიტეტს სჭირდება რეფორმა, უნივერსიტეტს სჭირდება გამართული იყოს წელში", - თქვა მან იქ ყოფნისას. მინისტრი უნივერსიტეტში ახალგამოცემული წიგნის, მსოფლიო თეატრის ისტორიის V ტომის პრეზენტაციაზე იყო მიწვეული.

მან ღონისძიებაზე შეკრებილებს უთხრა, რომ მომავალ წელს არსებობს შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება რეფორმისთვის, რაც საშუალებას მისცემთ, გაზარდონ დასაქმებულების ხელფასი და გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი.

XS
SM
MD
LG