უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 11 იანვრის საღამოს ანგარიშში იტყობინება, რომ ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლები გრძელდება, მაშინ, როცა რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქს აკონტროლებენ. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოწინააღმდეგე „ცდილობს კონტროლი დაამყაროს ქალაქ სოლედარზე და ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგების გზებზე, ის დიდ დანაკარგებს განიცდის, ბრძოლები გრძელდება“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთის „პროპაგანდისტები“ ავრცელებენ ცნობებს ქალაქის აღების შესახებ, „რათა ხელი შეუწყონ მობილიზაციას და იმედი მისცენ იმათ, ვინც აგრესიას ემხრობა“. „მაგრამ ბრძოლები გრძელდება. დონეცკის მიმართულება დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა 11 იანვარს საღამოს განაცხადა, რომ სოლედარს სრულად აკონტროლებენ მისი მეომრები. პრიგოჟინის თქმით, სოლედარისთვის ბრძოლაში მოკლულია უკრაინის 500 მებრძოლი, რამდენიმე დანებდა.
მაშინ, როცა პრიგოჟინი ამბობს, რომ სოლედარის შტურმი მხოლოდ "ვაგნერელებმა" განახორციელეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი რუსეთის არმიის მედესანტეებს აქვთ ბლოკირებული.
საბრძოლო მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება არ ხერხდება.
ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი იტყობინება, რომ სოლედარის მიდამოებში უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმის.
ამასთან, ჟურნალისტების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები აგრძელებენ არტილერიის ტექნიკურ მომსახურებას და არ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ გარდაუვალი უკანდახევისთვის ემზადებოდნენ.
უკრაინის სამხედროები, რომლებსაც ესაუბრა ტელეკომპანია, უარყოფენ, რომ ქალაქი დაკარგულია, თუმცა აცხადებენ, რომ ვითარება რთულია.
თუკი ქალაქს რუსეთის ჯარები ჩაიგდებენ ხელთ, ეს პირველი შედარებით მსხვილი დასახლებული პუნქტი იქნება, რომელიც რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება ზაფხულში ლისიჩანსკის აღების შემდეგ. მრავალი სამხედრო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სოლედარს არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ მისმა აღებამ შესაძლოა რუსეთის ჯარებს გაუადვილოს მეზობლად მდებარე უფრო დიდი ქალაქის, ბახმუტისთვის ბრძოლა. არცერთ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის უკრაინული ფრონტის გარღვევაზე, ვინაიდან დონეცკის ოლქში დაცვის კიდევ ერთი მძლავრი ხაზია ქალაქების, სლავიანსკისა და კრამატორსკის, აღმოსავლეთით.