Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კორპუსის მოსახლეობაა


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კორპუსის მოსახლეობაა. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს წერია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - "ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ". ასე გამოეხმაურა მერი 14 იანვარს თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

"ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია", - თქვა მერმა.

მანვე აღნიშნა, რომ მერია ყოველწლიურად 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე - თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი.

"ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე - ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

14 იანვარს თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მისულმა მაშველებმა შახტიდან გარდაცვლილი ქალი და კაცი ამოიყვანეს - ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

XS
SM
MD
LG