Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასიანოვის თქმით,  გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, საქართველომ უკრაინას გადასცეს  ჰუმანიტარული კატეგორიის საგნები


ანდრი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ანდრი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის.

„მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომლებიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა [„პალიტრანიუსის" თარგმანი].

9 იანვარს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვის სტატია. კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინა უკან ითხოვდა კომპლექსებს „ბუკი“, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი". უკრაინელი დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს "ჯაველინები" უკრაინისთვის გადაეცა, უფრო ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.

კასიანოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხედრო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი თქვა, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დავებისთვის და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების შესახებ.

კასიანოვის სტატიაში გამოთქმული მოსაზრება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად შეაფასეს.

XS
SM
MD
LG