Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ“ - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე


მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილები
მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილები

2017 წელს, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედ-მამამ და დამ, ოჯახის ინტერესების დამცველებთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებთან ერთად წაიკითხეს 19 იანვარს გამოქვეყნებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

საქმის განხილვა სამწელიწადნახევარს გაგრძელდა. მოსარჩელეები დაობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მეცამეტე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

რა თქვა ევროპულმა სასამართლომ?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცედურულ, გამოძიების ნაწილში და განაცხადა, რომ „სასამართლომ გამოავლინა რამდენიმე ნაკლი, პროცესუალურ ნაწილში, კონკრეტულად, პირველადი გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები, მათ შორის, ის, თუ როგორ იყო შეგროვებული და დამუშავებული საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირულობა, გამოკითხვის ეტაპების შეფერხება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების უგულვებელყოფა.

თუმცა, მიუხედავად ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოთვლილი ხარვეზებისა გამოძიების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლის არსებით ნაწილში სიცოცხლის უფლების დარღვევის დადგენა ვერ მოახერხა და მიუთითა, რომ „სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მოვლენების ვერსია დამაჯერებელია და არ შეუძლია შეაფასოს საპირისპირო ვერსიები ნაწილობრივ იმის გამო, რომ სახეზეა გამოძიების ნაკლოვანება“... ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ „არსებობდა არასაკმარისი მტკიცებულება, რომლითაც საფუძვლიან ეჭვს მიღმა დაასკვნიდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა იმ გარემოებების გამო, რომელზეც პასუხისმგებელია სახელმწიფო“.

ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მესამე მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა). ასევე, ცალკე არ განუხილავს მეცამეტე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას ოჯახისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

რა ბერკეტს უტოვებს მაჩალიკაშვილებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება?

თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი და მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილში, ნიშანდობლივია სწორედ ის ფაქტი, "საიდანაც ევროპული სასამართლო ამოდის", როდესაც ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და ინფორმაცია მას არ აძლევს მტკიცების ტვირთის იმ სტანდარტს, რომელიც სასამართლოს სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილში დარღვევის დადგენის შესაძლებლობას მისცემდა:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„სასამართლოს გაზიარებული აქვს ჩვენი კრიტიკა გამოძიების არაეფექტურობაზე, ის, რომ დაგვიანებით მოხდა სპეცრაზმელების გამოკითხვა, ის, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ გვქონდა. ძალიან კრიტიკულადაა შეფასებული ის გარემოება, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების ფარგლებში არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, რაც მას მთელ რიგ პროცედურულ უფლებებს უზღუდავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამ სტატუსის არქონის გამო მათ ვეღარ მოახერხეს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება, რითაც გასაჩივრების უფლებაც კი მოესპო მათ. გადაწყვეტილების ტექსტში ჩანს, როგორ რთულად მიდის სასამართლო დასკვნამდე იმის გამო, რომ საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება არ იყო უზრუნველყოფილი, კონფლიქტის გადასაჭრელად საკმარისი მტკიცებულებები საქმეზე არ არსებობდა და საბოლოოდ, მტკიცებითი გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევის მიმართულებით ვერ შეძლო“.

როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახსა და ადვოკატებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ევროპული სასამართლო მტკიცების ტვირთს სწორედ სახელმწიფოზე გადაიტანდა, მათ შორის, გამოძიების ხარვეზების გამოც და არსებით ნაწილშიც დაადგენდა დარღვევას, დღეს არსებული გადაწყვეტილება ოჯახსა და მათი ინტერესების დამცველებს აძლევს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ისინი ელოდნენ ევროპული სასამართლოსგან:

„პირველ რიგში, ეს არის საქმის ეროვნულ დონეზე ხელახალი გახსნისა და გამოძიების შესაძლებლობა. ამ საქმეს სამთვიანი ვადა აქვს გასაჩივრების ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მექანიზმი გამოვიყენოთ სიცოცხლის უფლების არსებითი დარღვევის არ დადგენის ნაწილში. ამის შემდეგ უკვე იწყება აღსრულება და აღსრულების ეტაპზე შემოდის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც აძლევს მთავრობას კონკრეტულ საქმეზე უფლების აღდგენისთვის ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებზე მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასეთ საქმეებზე, მით უმეტეს, როდესაც ამ ხარისხითა და ამდენი დეტალითაა აღიარებული სასამართლოს მხრიდან ეფექტური გამოძიების დარღვევა, ბუნებრივია, რომ მინისტრთა კომიტეტი მთავრობას სწორედ გამოძიებას დაავალებს და უკვე ეროვნულ დონეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე ჩვენ გვექნება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობა და ამ პროცესში ჩვენ ვიაქტიურებთ, რომ გამოძიება მაქსიმალური ანგარიშვალდებულებისა და ყველა ხარვეზის გამოსწორების გზით წარიმართოს“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლანის მამა ამბობს, 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა:

მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე ასე თუ ისე ამბობს, რომ ის გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს... ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ პირდაპირ თქვან, რომ ადამიანი მოკლა სახელმწიფომ. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროპული სასამართლო იძახის, რომ ამ საქმეში არის ბევრი დარღვევა და საქმე არ არის ეფექტიანად გამოძიებული. ამავდროულად, მაშინვე, მიზანმიმართულად მოხდა, რომ ჩვენ ევროპულ სასამართლოშიც მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ ხდებოდა, რომ ჩვენ არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რომ დარღვევები, რომლებიც იყო, არ გაგვესაჩივრებინა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას ოჯახისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

რას ამბობს იუსტიციის სამინისტრო

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მაჩალიკაშვილის საქმეზე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, რომელიც განმარტავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ სასამართლოს თქმით, "ამ საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება".

თუმცა, ბექა ძამაშვილი გვერდს ვერ უვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნას გამოძიებაში არსებული ხარვეზების შესახებ:

ბექა ძამაშვილი
ბექა ძამაშვილი

„დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, მაგალითად, ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ, როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა. აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება. ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთლიანობაში ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივანთათვის“.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა არსებით ნაწილში, ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ მთავარ კითხვას გასცა პასუხი - „რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“.

რატომ წავიდა საქმე სტრასბურგში?

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის სექტემბერში მიიღო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მანამდე სამი თვით ადრე, 2019 წლის 6 ივნისს წარადგინეს.

იურისტებმა და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სამი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი რამდენიმე მთავარ არგუმენტზე ააგეს.

2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, დაიგეგმა ისე, რომ, მომჩივანთა შეფასებით, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ;

თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს „არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა“. განმცხადებლების თანახმად, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათი თქმით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც მიუთითებს; „მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება“.

დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ „არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით“;

მათი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება „არ აკმაყოფილებდა დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. ხოლო გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოში მიმდინარე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას წლების განმავლობაში ითხოვდა მისი ოჯახი, თუმცა, უშედეგოდ. 2020 წლის იანვარში, გამოძიების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განიხილავდა.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუსმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუსის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG