Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის სპიკერი დასავლეთს "მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით“ ემუქრება


რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დასავლეთის ქვეყნებს „გლობალური კატასტროფითა“ და „განადგურებით“ ემუქრება, თანამედროვე იარაღის უკრაინისთვის მიწოდების მასშტაბების გაზრდის საპასუხოდ.

„კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე“, - დაწერა ვოლოდინმა კვირას, 22 იანვარს, ტელეგრამ-არხზე. მისი სიტყვებით, „თუკი ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნები მიაწვდიან შეიარაღებას [უკრაინას], რომელიც გამოყენებული იქნება მშვიდობიან ქალაქებზე შეტევისთვის“ და რუსეთის „ტერიტორიების მიტაცების მცდელობისთვის, როგორც ისინი იმუქრებიან“, მაშინ „ეს გამოიწვევს [რუსეთის] საპასუხო ზომებს, უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“.

ვოლოდინი წერს, რომ რუსეთს შეიარაღებაში „ტექნოლოგიური უპირატესობა“ აქვს და „აუცილებელია უცხოელმა პოლიტიკოსებმა გაიგონ", რომ "ეს შეიძლება დასრულდეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათ ქვეყნებს“. დუმის სპიკერი ბირთვულ ომზეც მიანიშნებს:

„უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს აქამდე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი, ლოკალური კონფლიქტების დროს. ეს იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოები არ ყოფილან სიტუაციაში, როდესაც არსებობდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე“.

ვიაჩესლავ ვოლოდინამდე, ბოლო დღეებში, დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული იარაღით რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი და რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვიც ემუქრებოდნენ.

დასავლეთის ქვეყნებმა დახურული თუ ღია არხებით სხვადასხვა დროს არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთი, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას.

20 იანვარს თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის ფორმატის" - მორიგ შეხვედრაზე გერმანიაში, უკრაინის მხარდამჭერმა ქვეყნებმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება შეათანხმეს. შეხვედრის წინ გამოცხადდა აშშ-ის ახალი 2.5-მილიარდიანი დახმარება, რომელიც მოიცავს 90 ჯავშანტრანსპორტიორ Stryker-ს, 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისთვის NASAMS და HIMARS, 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, სხვადასხვა კალიბრის ათეულობით ათას ჭურვსა და სხვა საბრძოლო და დამხმარე საშუალებებს.

უკრაინას მასშტაბურ დახმარებას ჰპირდებიან სხვა ქვეყნებიც. ჩამონათვალში არ არის Leopard 2, რადგან გერმანიამ კვლავ თავი შეიკავა საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემისგან და ამის ნებართვას ბერლინი ჯერჯერობით არც სხვა ქვეყნებს აძლევს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა "გარღვევა" უწოდა გადაწყვეტილებას, რომ დაიწყება უკრაინული ეკიპაჟების წვრთნა გერმანული ტანკების გამოყენების შესასწავლად.

XS
SM
MD
LG