Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე ვადით არჩევის შემდეგ, PACE-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა


23 იანვარი. სტრასბურგი. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი
23 იანვარი. სტრასბურგი. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს, ტინი კოქსს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი იუწყება, კობახიძემ კოქსს მეორე ვადით არჩევა მიულოცა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა კი „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძე წინასწარ აცხადებდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ ნიდერლანდელ „სოციალისტს", ტინი კოქსს დაუჭერდა მხარს.

ფარულ კენჭისყრაზე კოქსმა 175 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ოლექსანდრ მერეშკომ - 44.

კობახიძემ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ ალტერნატიულ კანდიდატს, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" წარმომადგენელს, ოლექსანდრ მერეშკოს, მხარს არ დაუჭერდა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამის მიზეზი ჟურნალისტებთან განმარტა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ევროპის საბჭოში მიღებულო პრაქტიკაა, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული კვოტით, პოლიტიკური პარტიის კვოტით ხდება მეორე ვადით არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. არის ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა ჩვენ არსებითად მხარს დავუჭერთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი არის ბატონი მერეშკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება ტინი კოქსის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, - კობახიძის კომენტარი „იმედმა" გამოაქვეყნა.

ტინი კოქსი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე PACE-ს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ასამბლეის წინაშე ანგარიში სწორედ მან წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG