Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, ირანზე დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა


დრონით დარტყმის სავარაუდო ადგილი ისპაჰანში
დრონით დარტყმის სავარაუდო ადგილი ისპაჰანში

ირანის ისპაჰანის პროვინციაში, სამხედრო-სამრეწველო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ისრაელმა განახორციელა. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

დრონებით თავდასხმა 28 იანვარს, ღამით მოხდა. ირანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, 1 უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, 2 კი - აფეთქდა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, არც ობიექტის მუშაობა შეფერხებულა და მხოლოდ სახურავი დაზიანდა.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ ობიექტი არ დააკონკრეტა. ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, ეს არის ქარხანა, რომელიც საბრძოლო მასალებს აწარმოებს. ირანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არ იყო ნათქვამი, ვის აკისრებს მომხდარზე პასუხისმგებლობას.

ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი დასავლეთის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეტევა წარმატებული იყო და ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ირანის მთავრობა ამბობს. სავარაუდოა, რომ სამხედრო-სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარეობდა ბალისტიკური რაკეტების საწყობი.

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ირანის სამხედრო მრეწველობის გასანადგურებლად ისრაელის მიერ დაწყებული სპეცოპერაციის შესახებ იუწყება ტელეკომპანია Al Arabiya-ც. ისრაელი მედიით გავრცელებულ ცნობებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ისრაელი მის წინააღმდეგ მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდამჭერად ირანს მიიჩნევს. ისრაელისა და მისი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთების საგანია ირანის ბირთვული პროგრამაც. ამასთან, ირანი რუსეთს აწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც რუსული არმია უკრაინასთან ომში იყენებს.

XS
SM
MD
LG