Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გრძელდება მასშტაბური საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ


საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პარიზში. 2023 წლის 31 იანვარი
საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პარიზში. 2023 წლის 31 იანვარი

საფრანგეთში არ წყდება საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. პოლიციის მონაცემებით, 31 იანვარს, საფრანგეთის მასშტაბით, აქციებში მონაწილეობდა 1.27 მილიონი ადამიანი, მათგან 87 ათასამდე - პარიზში. პროფესიული კავშირების ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანების, CGT-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო 2.8 მილიონმა მოქალაქემ.

ნებისმიერ შემთხვევაში, დემონსტრანტების რაოდენობა აღემატებოდა ორი კვირის წინ გამართული აქციების მონაწილეთა რიცხვს - 1.2 მილიონს. საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს გამართავენ 7 და 11 თებერვალსაც.

საფრანგეთის მთავრობა აპირებს საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდოს, ხოლო საპენსიო ფონდში შენატანების მინიმალური ვადა - 43 წლამდე. მთავრობა რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს საპენსიო ფონდში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის დეფიციტმა შესაძლოა, 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

მთავრობამ საპენსიო რეფორმის განსახორციელებლად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. წინააღმდეგობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და კანონი თავად აამოქმედოს, თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას არ გამოუცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG