Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ მკაცრი რეჟიმის საკანში


რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის.

ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“.

1 თებერვალს ნავალნი უნდა გამოსულიყო სადამსჯელო იზოლატორიდან, რომელშიც ის 25 იანვარს მოათავსეს - ნახევარი წლის განმავლობაში მე-11-ედ. ამის საბაბი გახდა ის, რომ ოპოზიციონერმა, როგორც კოლონიის ხელმძღვანელობა აცხადებს, არასწორად წარუდგინა თავი კოლონიის თანამშრომელს. ნავალნის სადამსჯელო საკნიდან გამოშვების შემდეგ ყოველ ჯერზე თითქმის მაშინვე აბრუნებდნენ უკან.

30 იანვარს ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გახსნილია შრომა-გასწორების კოლონიის იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომელთა ინიციატივითაც გამუდმებით გზავნიან პოლიტიკოსს სადამსჯელო იზოლატორში. გამომძიებელთა თქმით, კოლონიის ადმინისტრაცია რეგულარულად თათბირობს, კიდევ როგორ გააუარესონ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცხოვრება.

ადრე კოლონიის ადმინისტრაციამ ნავალნი გამოუსწორებელ დამრღვევად აღიარა. ის უშედეგოდ ცდილობდა სადამსჯელო საკანში მისი მოთავსების გასაჩივრებას. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სადამსჯელო საკანში მისი გაგზავნის საბაბები გამოგონილია, თავად საკანში მისი მდგომარეობა პრაქტიკულად წამების ტოლფასია და რომ მას არ უწევენ სამედიცინო დახმარებას.

XS
SM
MD
LG