Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ: სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია


მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი
მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომლებზეც მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას.

„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის წამებით სიკვდილის პირას მიყვანა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, - წერს მაია სანდუ.

დღეს, 2 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უწყება კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს "საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის აბუჩად აგდება და გადასცეს ის უკრაინას".

დღესვე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განცხადებები ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს სხდომაზე. დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და არ უნდა დაუშვან, რომ იგი პატიმრობაში მოკვდეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG