Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისუფლებას - ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური შურისძიებისთვის


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს "საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ს „ენკავედეს“ ყველაზე ცუდი ტრადიციებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს, უარს ეუბნება სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს".

„უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოს დემოკრატიისკენ ზურგის შექცევაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის აბუჩად აგდება და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური შურისძიებისთვის“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დადგნენ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად, "რომლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო".

დღეს, 2 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განცხადებები ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს სხდომაზე. დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და არ უნდა დაუშვან, რომ იგი პატიმრობაში მოკვდეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG