Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილმა ჩალაძე დანიშნა  „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელად


„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა თავისი პირველი გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა. მან შექმნა „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი" და ხელმძღვანელად გიორგი ჩალაძე დანიშნა.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა და უზრუნველყოფა ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის და ყველანაირი დახმარების გაწევის, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრების მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებისთვის. საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომელიც მხოლოდ ერთ კანდიდატთან იმართებოდა და ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე, გამართვაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. მან დააზუსტა, რომ შტაბის საქმიანობისთვის პარტიის საბიუჯეტო სახსრებიც იქნება მიმართული.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, შტაბში გაწევრება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საქართველოს ევროპული მომავალი.

ხაბეიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება მუშაობის სტილი".

ჩალაძე უახლოეს დღეებში ჯგუფის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ - ქვეყნის გარეთ.

30 იანვარს დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც.

არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

„მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეკითხვას - „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“ - თავმჯდომარედ არჩევამდე ლევან ხაბეიშვილმა ასე უპასუხა: „თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე".

XS
SM
MD
LG