Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა - წერს "ფორმულა" გათავისუფლებულ ოპერატორებზე


"ფორმულას" სამსახურიდან გათვისუფლებული ოპერატორები ტელევიზიის ეზოში, 4 თებერვალი, 2023 წელი
"ფორმულას" სამსახურიდან გათვისუფლებული ოპერატორები ტელევიზიის ეზოში, 4 თებერვალი, 2023 წელი

"ფორმულა" განცხადებით ეხმაურება ტელეკომპანიიდან 28 ოპერატორის გათავისუფლებისა და ორი ჟურნალისტის მიერ სამსახურის დატოვების ფაქტს და წერს, რომ არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე.

"31 იანვარს, 25-მა ოპერატორმა მოითხოვა ხელფასის დაუყოვნებლივ 500 ლარით მატება. აქვე ვიტყვით, რომ სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში - 15 დღე.

ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე (1 თებერვლიდან) უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ჩავარდა გადაღებები და საინფორმაციო სამსახური ხარვეზებით ოპერირებდა.

1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს", - ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები წარმოებდა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ტელეკომპანიის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ცალკეული თანამშრომლის ხელფასი ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო განხილული მათი გამოცდილების, მუშაობის უნარისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

"სამი დღის განმავლობაში, მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

უფრო მეტიც, როდესაც ვცდილობდით მოკლე დროში გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით გვემუშავა, რათა ნიუსგამოშვებები ეთერში გაგვეშვა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ ჩვენს თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას", - ვკითხულობთ ტელევიზიის განცხადებაში.

"ფორმულა" წუხს იმის გამო, რომ პროტესტი მძიმედ აისახა მათ თანამშრომლებზე, ტელევიზიას ჰქონდა ეთერში შეუფერხებლად გასვლის გამოწვევა და ასევე სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ "ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა".

დღეს სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ შეკრებილი - ისინი სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და ღირსეულ შრომის პირობებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

XS
SM
MD
LG