Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულას" სამსახურიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა განცხადება გაავრცელეს


სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ შეკრებილი.
სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ შეკრებილი.

"ფორმულას" სამსახურიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა უპასუხეს ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

"ჩვენ, ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის გაფიცულმა ოპერატორებმა გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე პროცესის შესახებ, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არასდროს ჰქონია, როგორც ამის წარმოჩენას ტელეკომპანია ფორმულა ცდილობს... მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო „გარე ძალების“ ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია... - წერია ოპერატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები.

დღეს სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ შეკრებილი - ისინი სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და ღირსეულ შრომის პირობებს ითხოვდნენ. ამის შემდეგ "ფორმულა" განცხადებით გამოეხმაურა ტელეკომპანიიდან 28 ოპერატორის გათავისუფლებისა და ორი ჟურნალისტის მიერ სამსახურის დატოვების ფაქტს.

"1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაჰბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს", - ნათქვამია "ფორმულას" განცხადებაში.

სამსახურიდან განთავისუფლებული ოპერატორები მზად არიან მოლაპარაკების პროცესს დაუბრუნდნენ, "თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG