Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: თვითმფრინავებზე დასავლეთის ყოყმანი უკრაინას მოუტანს მეტ მსხვერპლს


ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევის დასავლელი მოკავშირეების ყოყმანი უკრაინისთვის რუსეთთან ომში თვითმფრინავების მიწოდებაზე "მეტ მსხვერპლს მოიტანს". ამასთან, რეზნიკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გაფრთხილება, რომ მოსკოვი ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გავათავისუფლებთ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას", - თქვა რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 5 თებერვალს. თუმცა მან დასძინა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებით დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე "ეს მეტ მსხვერპლს მოიტანს".

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ასეთი თვითმფრინავების უკრაინისთვის გაგზავნა არაპრაქტიკულია, რადგან მფრინავების და ეკიპაჟის სხვა წევრების წვრთნას დიდი დრო დასჭირდება.

ამავე პრესკონფერენციაზე რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინა აშშ-ის მიერ მიწოდებულ, უფრო გრძელი რადიუსის იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის და მიზანში ამოიღებს მხოლოდ რუსეთის იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

რეზნიკოვის პრესკონფერენციამდე უკრაინის არმიამ თავის რეგულარულ ანგარიშში განაცხადა, რომ მას მერე, რაც გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში მოსკოვი შეიჭრა, რუსეთის არმიაში მოკლულ იქნა 131,290 პირი.

5 თებერვალს გავრცელებულ რეგულარულ ანგარიშში უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო დღეს მოკლეს 700-მდე რუსი სამხედრო.

ანგარიშში - რომელში მოტანილი რიცხვებიც ხშირად დასავლეთის მონაცემებს აჭარბებს ხოლმე - ასევე ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაკარგა 3220 ტანკი, 6405 დაჯავშნილი მანქანა და 2226 საარტილერიო სისტემა.

XS
SM
MD
LG