Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა, ანგლიკანური და პრესვიტერიანული ეკლესიების მეთაურებმა დაგმეს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რომის პაპმა ფრანცისკემ, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა და პრესვიტარიანული ეკლესიის მეთაურმა 5 თებერვალს ერთად დაგმეს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია და თქვეს, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები თავ-თავიანთმა ეკლესიებმა უნდა მიიღონ.

ქრისტიანული ეკლესიების ლიდერები ამ განცხადებებით გამოვიდნენ უპრეცედენტო ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰაერში, სამხრეთ სუდანიდან დაბრუნებისას, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს სამდღიან ეკუმენურ მომლოცველობაში, რომლის მიზანიც იყო ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა. მათ კითხვა დაუსვეს ფრანცისკეს მიერ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესთან" საუბარში ახლახან გაკეთებულ განცხადებებზე, რომ კანონები, რომლებიც ჰომოსექსუალთა კრიმინალიზაციას ახდენს, "უსამართლოა" და რომ "ჰომოსექსუალად ყოფნა დანაშაული არ არის".

სამხრეთი სუდანი ერთ-ერთია 67 სახელმწიფოდან, რომლებშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, 11 მათგანში ის სიკვდილით ისჯება. LGBTQ ადამიანთა დამცველების თქმით, მაშინაც კი, როცა ამგვარი კანონები მოქმედებაში არ მოდის, ისინი ხელს უწყობს დევნის, დისკრიმინაციის და ძალადობის ატმოსფეროს.

რომის პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშობლებმა ჰომოსექსუალი შვილები არასოდეს არ უნდა გააგდონ სახლიდან.

"ადამიანის ასე გაწირვა ცოდვაა, - თქვა მან და დასძინა, - ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე ადამიანების კრიმინალიზაცია უსამართლობაა. ... ეს ადამიანები ღმერთის შვილები არიან. ღმერთს ისინი უყვარს, ღმერთი მათთან არის".

კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ თქვა, რომ LGBTQ ადამიანთა უფლებების საკითხი აქტუალურია ინგლისის ეკლესიის ამჟამინდელ დღის წესრიგში და დასძინა, რომ ეკლესიის მოახლოებულ სინოდის კრებაზე ის პაპის სიტყვების ციტირებას მოახდენს, როცა ეს საკითხი წამოიჭრება.

"ვისურვებდი პაპივით მჭევრმეტყველი ვყოფილიყავი და მასავით მკაფიოდ მესაუბრა. სრულად ვეთანხმები მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას", - თქვა უელბიმ.

XS
SM
MD
LG