სულ მცირე 2300-მდე გაიზარდა რიცხვი მსხვერპლისა, რომელიც მოჰყვა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობის მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს იმ ფონზე, როცა ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად აქტიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თურქეთი იუწყება სულ მცირე 1500 მსხვერპლზე, კიდევ 800-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე, აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.
უკრაინა და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მყისიერად გამოვიდნენ რეგიონში მაშველების და სხვა ტიპის დახმარების გაგზავნის პირობით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა თურქეთში გაგზავნოს მაშველთა დიდი ჯგუფი, მაშინაც კი, როცა ქვეყანა ებრძვის თავის ტერიტორიაზე ერთი წლის წინ შეჭრილ რუსეთის არმიას. "თურქეთის მხარესთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მაშველთა განთავსების კოორდინირებისთვის", - წერს კულება ტვიტერით.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ელაპარაკა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. იგი ასევე გამოვიდა ორივე ქვეყანაში მაშველების გაგზავნის დაპირებით.