Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფანჯრები ზრიალით გაიღო“ - რას ჰყვებიან ქართველები თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე და როგორ ვიქცევით ნგრევის დროს


ხალხი დანგრეული შენობის წინ თვალს ადევნებს მაშველებს, რომლებიც გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ. ჰათაი, თურქეთი, 7 თებერვალი, 2023 წელი
ხალხი დანგრეული შენობის წინ თვალს ადევნებს მაშველებს, რომლებიც გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ. ჰათაი, თურქეთი, 7 თებერვალი, 2023 წელი

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ათასობით კი დაშავდა. დანგრეულია ქალაქები. მოშლილია ინფრასტრუქტურა.

სტიქიის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, საქართველოდანაც, მიემართებიან მაშველები. მიწისძვრას გადარჩენილი ხალხის ნაწილი თავშესაფრებშია გადაყვანილი, ნაწილი დანგრეული ქალაქების დატოვებას ცდილობს. მათ შორის არიან გაზიანთეპში მცხოვრები ქართველებიც, ზიტა გაზდელიანი და ლელა ბოჭორიშვილი, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.

„ახლა სამშვიდობოს ვართ“

ეს რა იყო! ასეთი ძლიერი მიწისძვრა არასოდეს მახსოვს“, - დაწერა მიწისძვრიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში ზიტა გაზდელიანმა და ფეისბუკის აპლიკაციით თავი „უვნებლად“, „გადარჩენილად“ მოინიშნა. მისი პოსტის ქვეშ მალევე გამოჩნდნენ თურქეთში მცხოვრები და მომუშავე სხვა ქართველებიც - ყველა ერთმანეთის ამბავს კითხულობდა - ზოგი ჯერ კიდევ გარეთ, სიცივეში იდგა, ზოგი თავს მანქანაში აფარებდა.

ზიტამ და მასთან ერთად მყოფმა ხუთმა ადამიანმა, წუხანდელი ღამე, მანქანაში გაათიეს. ტელეფონს მორიგეობით ტენიდნენ, რომ ახლობლებისთვის ხმა მიეწვდინათ. სახლში შესვლა ვეღარ გაბედეს.

ამ წუთებში, როცა ეს სტატია იწერება, ის გაზიენთეპს ტოვებს და თურქეთის სხვა ქალაქში მიდის. ტელეფონი ისევ უჯდება, ამიტომ სამ სიტყვას მწერს: „ორი კვირით შედარებით უსაფრთხო ადგილას დავრჩებით. საშინელება იყო“.

ბოლო 13 წელია, ამავე ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს ლელა ბოჭორიშვილიც. 6 თებერვლის გამთენია ფანჯრების ზრიალით დაამახსოვრდა: უეცრად თავისით გაიღო ფანჯარაც და კარიც. მიწისძვრა თითქოს უსასრულოდ გაგრძელდა. სახლში მსხვრევის ხმა ისმოდა, ყველაფერი დაიმტვრა. თავად ლელა ერთი ხელი ტანსაცმლით არის გამოქცეული - პირადი ნივთების ასაღებად დაბზარულ კორპუსში ვეღარ შებრუნდა.

ლელა ბოჭორიშვილი
ლელა ბოჭორიშვილი

„ხალხი 90% ჯერ ისევ გარეთაა. ბიძგები ისევ იგრძნობა. ყველა დაძაბული და დაზაფრულია. საკვების პრობლემაცაა, ბენზინის. წასვლა რომც მოინდომო, ასე ადვილად ვერსად წახვალ. მე სადაც ვმუშაობ, იმ ოჯახზე ვარ დამოკიდებული. ალბათ, დროებით ანკარაში ან სტამბოლში წავალთ“, - გვიყვება ის.

თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ საქართველოს იმ ყველა დაკარგულ მოქალაქეს მიაკვლიეს, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათ.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრამ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

გავრცელდა ტელეფონის ნომრები რომელზეც თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკვა შეუძლიათ.

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226.

მიწისძვრას გადარჩენილი, ჰათაი, თურქეთი
მიწისძვრას გადარჩენილი, ჰათაი, თურქეთი

„აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა“ - რა მოხდა

დამანგრეველი ბიძგები თურქეთ-სირიის საზღვართან 6 თებერვალს, გამთენიას დაიწყო. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მოინიშნა.

მიწისძვრის სიღრმე, ჰიპოცენტრი 18 კილომეტრი იყო, რაც არც ისე ბევრია და იმას ნიშნავს, რომ სიღრმიდან წამოსულმა რხევებმა ზედაპირამდე დაცხრომა ვერ მოასწრო. ამას ისიც დაემატა, რომ მიწისძვრა დიდხანს გაგრძელდა. მსხვერპლის რაოდენობა კი იმანაც გაზარდა, რომ მიწისძვრა გამთენიას მოხდა, როცა ყველა შინ იყო და, სავარაუდოდ, უმრავლესობას ეძინა.

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა სუხიშვილი გვიყვება, რომ მიწისძვრის ეს ზონა აფრიკის, არაბეთისა და ანატოლიის ფილაქნების შეხების წერტილია - სამმაგი საზღვარი, სეისმურად ძალიან აქტიური და, შესაბამისად, მაღალი საფრთხის შემცველი ადგილი, სადაც ადრეც არაერთხელ მომხდარა 7 და 7-ზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები.

ამ რღვევას აქვს თავისი სახელიც - ცნობილი, როგორც აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა:

„თუ თურქული მედიის მიერ შედგენილ რუკას დავხედავთ, რომელზეც ბოლო ერთ საუკუნეში მომხდარი მთავარი მიწისძვრებია ასახული, ვნახავთ, რომ სწორედ ამ რღვევაზე, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, არაერთი მძლავრი და, სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლის მომტანი მიწისძვრაა მომხდარი“, - გვეუბნება ლაშა სუხიშვილი.

თურქეთის მედიის მიერ შედგენილ ამ რუკაზე ჩანს ბოლო საუკუნის განმავლობაში თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები
თურქეთის მედიის მიერ შედგენილ ამ რუკაზე ჩანს ბოლო საუკუნის განმავლობაში თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები

აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის გარდა, არსებობს არანაკლებ საშიში, ე.წ. ჩრდილოეთ ანატოლიის რღვევაც, რომელიც, როგორც ლაშა გვიხსნის, შავი ზღვის პარალელურად მიმყოლი ტექტონიკური რღვევაა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით - ეს ადგილიც ცნობილია მძლავრი მიწისძვრებით.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ამ მიწისძვრის დროს ვითარება გაართულა, დედამიწის ზედაპირის ჰორიზონტალური გადადგილება იყო - 1 მეტრიდან 3 მეტრამდე.

წარმოიდგინეთ სურათი: ხელისგულები ერთმანეთს მიადეთ, შემდეგ მარჯვენა ხელი წაიღეთ თქვენგან შორს, მარცხენა კი პირიქით, თქვენკენ, ოღონდ ისე, რომ ხელებს ერთმანეთს არ აცილებთ - ასეთი გადაადგილება მოხდა. ან შეიძლება ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ხის წარმოდგენაც, რომლებიც ერთმანეთს სამი მეტრით შორდება ურთიერთსაპირისპიროდ.

შეიძლება თუ არა, ასეთი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ კიდევ განმეორდეს დაახლოებით იმავე სიმძლავრის ბიძგები? შეიძლება და ეს მოხდა კიდეც გუშინ პირველივე მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ. თუმცა ზუსტად პროგნოზირება, რამდენჯერ შეიძლება ეს განმეორდეს, რთულია.

ლაშა სუხიშვილმა ისიც გვითხრა, რომ თურქი გეოლოგები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოთქვამდნენ მოსალოდნელ პროგნოზს აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევაზე და მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ იქ არსებობდა 7 მაგნიტუდაზე მძლავრი მიწისძვრის მოხდენის საფრთხე.

„თუმცა ხვალ მოხდება თუ არა რამე, ამის წინასწარმეტყველება სეისმოლოგიაში ჯერჯერობით რთული ამოცანაა“.

მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, თურქეთი, 2023 წლის 7 თებერვალი
მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, თურქეთი, 2023 წლის 7 თებერვალი

პატარა მიწისძვრები, რომლებსაც ვერ ვგრძნობთ, საქართველოში მუდმივად ხდება. დღე-ღამეში ასეულობით ბიძგი იგრძნობა. მაგალითად, ჯავახეთში, რომელიც საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, დღე-ღამეში 300 მიწისძვრაც კი შეიძლება მოხდეს.

თურქეთის მიწისძვრის შემდეგ მაშინვე გაჩნდა კითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი, ამ რღვევამ მიწისძვრები საქართველოშიც გამოიწვიოს? სეისმოლოგების პასუხია, რომ არა.

„საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ“, - დაწერა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ფეისბუკზე.

საქართველოც, სადაც ბოლო, ყველაზე მძლავრი, 7.1 მაგნიტუდის „რაჭის მიწისძვრა“ 1991 წელს მოხდა, რეგიონში სეისმურად აქტიური ზონაა, მაგრამ არა იმდენად საშიშად აქტიური, როგორც თურქეთი, სირია და ირანია.

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

როგორც წესი, მიწისძვრის დროს მთელი უბანი ეზოში ჩადის - ადამიანები გარბიან.

უნივერსალური რჩევა, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად გადაგარჩენს სტიქიის დროს, არ არსებობს, თუმცა პირველი და მთავარი - პანიკის თავიდან აცილება და საღი აზრის შენარჩუნებაა.

„რთული, მაგრამ შესრულებადი ამოცანაა, - გვეუბნება ლაშა სუხიშვილი, - პანიკამ, შესაძლოა, უფრო დაგვაზიანოს, ვიდრე გარე ფაქტორებმა“.

მეორე რჩევა - მიუხედავად ადამიანში არსებული გაქცევის ინსტინქტისა, არის შენობაში დარჩენა, რადგან თუ სახლი ინგრევა, პირველ რიგში დაინგრევა კიბის უჯრედი და გაიჭედება ლიფტი.

თუ ნგრევაა, მაინც ჯობს სახლში შედარებით სტაბილური ადგილის მოძებნა: მაგიდის ქვეშ შეძრომა, საყრდენი კედლის ქვეშ დადგომა.

ასევე არსებობს ე.წ. სამკუთხედის პოვნის პრინციპი: ირჩევ რაიმე შემაღლებულ ადგილას, მაგალითად, დივნის კიდეს, ან სკამს, ან რაიმე სხვა ავეჯს და ან ნივთებსა და იატაკს შორის რა სივრცეც იქმნება, იქ შეიძლება დაჯდომა - თუ ასეთ დროს რაიმე გადმოვარდება, ან კარადა, ან სხვა რამ, პირველად დაეცემა, მაგალითად, დივანს და ამ „სამკუთხედმა“ შეიძლება გადაგარჩინოთ.

არცთუ იშვიათად, მსხვერპლს მიწისძვრის დროს იწვევს არა ნგრევა, არამედ ხანძარი, რომელიც მას მოჰყვება. ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ არასოდეს ავანთოთ ასანთი, რადგან შესაძლოა ნგრევამ ბუნებრივი აირის მილების დაზიანება და გაზის დაგროვება გამოიწვიოს.

რა ხდება, თუ გარეთ ვართ, მანქანაში?

ასეთ დროს ვჩერდებით და არ ვაგრძელებთ მოძრაობას. ოღონდ - არ ვჩერდებით ხიდზე ან გვირაბში.

ბოლო ოფიციალური ცნობები თურქეთიდან

7 თებერვლის შუადღის მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3419 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულია - 20 534. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 8000-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში - გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-მდე მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობს საგანგებო სამსახურების 25 000-მდე თანამშრომელი და 3294 მაშველი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

საქართველომ თურქეთში 6 თებერვალს გაგზავნა 60 მაშველი და სპეციალური ტექნიკა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, როგორ მიემართება მაშველების კოლონა საქართველოს დროშებით სტიქიის ზონისკენ.

თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა და მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაკარგულების ძებნა გრძელდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG