Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: პუტინს არჩევნებისთვის ჯერ არ სცალია - ბევრი საქმე აქვს


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიუხედავად, არ განიხილება უახლოესი არჩევნების გადადება. 2023 წლის სექტემბერში რუსეთში უნდა ჩატარდეს ფედერაციის სუბიექტების მეთაურების არჩევნები, ხოლო 2024 წელს - პრეზიდენტის არჩევნები.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირობებში არჩევნების ჩატარების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ეს „საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია“.

შეკითხვას, უკვე გადაწყვიტა თუ არა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არანაირი წინასაარჩევნო განწყობები არ არის“, რადგან „პუტინს ბევრი საქმე აქვს და ამისთვის არ სცალია“. პესკოვის განცხადებით, პუტინს ჯერჯერობით არსად უთქვამს, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს ან არ დააყენებს. კრემლის პრესმდივნის თანახმად, „ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია და მოთმინებაა საჭირო“.

  • ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად პირველად 2000 წელს აირჩიეს და ეს თანამდებობა ორი ვადით ეკავა 2008 წლის 7 მაისამდე. 2008 წლამდე რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 4 წელი იყო.
  • მესამე და მეოთხე ვადით პუტინი რუსეთის პრეზიდენტია 2012 წლის მაისიდან. 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
  • 2020 წელს რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტად კენჭისყრა შესაძლებელია ზედიზედ ორი ვადის ამოწურვის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG