Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევას ადასტურებს


მსგავსი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს კოლომნისთან
მსგავსი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს კოლომნისთან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 თებერვლის ღამით კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკაში „კიევის რეჟიმის“ მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის განკუთვნილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მართვა დაკარგა და ფრენის ტრაექტორიას ასცდა - ერთი აპარატი მინდორში ჩამოვარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება ვერ შეძლო ვერც მეორემ.

რა ობიექტია ეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუმცა, ცნობილია, რომ ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი გაჩნდა ნავთობის და გაზის კომპანია „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე. ტელეგრამის მომხმარებლები წუხელ წერდნენ, რომ იქ ორი აფეთქება მოხდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემების თანახმად, ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს იუწყება ქალაქ ბელგოროდზე, სადაც 27 თებერვალს ჩამოვარდა სამი უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

ამასთან, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაადასტურა მანამდე რუსული ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაცია კოლომნის რაიონში, გაზის საკომპრესორო სადგურის სიახლოვეს, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ.

„ეს მოხდა სოფელ გუბასტოვოსთან. სამიზნე, ალბათ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო, ის არ დაზიანებულა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვორობიოვი თავის ტელეგრამის არხზე.

მანამდე ტელეგრამის არხებმა „Shot-მა" და „Mash-მა“ გაავრცელეს ცნობა, რომ ჩამოვარდნილი დრონი აღმოჩენილია „გაზპრომის“ კუთვნილი გაზის საკომპრესორო სადგურის სიახლოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

არცერთ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარესაც.

XS
SM
MD
LG