Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულებას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს მიხეილ სააკაშვილს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა გამოცემა Суспільне Новини-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. როგორც ის აცხადებს, საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. მინისტრმა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაზეც გააკეთა აქცენტი.

„საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა ფინალურ სტადიაზეა. პოლიტიკური მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ არ გაგვიკეთებია არაფერი, აბსოლუტურად, თითიც კი არ გაგვინძრევია იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაგვეფუჭებინა. პირიქით, ბევრი გავიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ, - აღნიშნა კულებამ და დაამატა, - დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქმით, რომელსაც უბრალოდ კლავენ. ყველა საგანს უნდა დაერქვას თავისი სახელი. საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. მათ შეუძლიათ, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ მის შესახებ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის, ისევე როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება. დაბოლოს, მთლიანობაში, რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციის მიმართ - არის შეკითხვები, არის პრობლემები. მაგრამ ჩვენ გვაქვს მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები იმისთვის, რომ კონტაქტი შევინარჩუნოთ და ვეცადოთ ამ საკითხების გადაჭრას".

24 თებერვალს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "უკრაინულ მხარეს არ მიუღია არცერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ."

კასიანოვმა ილაპარაკა დეფიტიზმის ფენომენზეც (რიტორიკა იმის შესახებ, რომ მაინც არაფერი გამოგვივა) ქართულ პოლიტიკაში და თქვა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი."

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

XS
SM
MD
LG