Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა 200-კილომეტრიანი ბარიერის აღმართვა დაიწყო რუსეთის საზღვარზე


რუსული მანქანების რიგი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე. 2022 წ. 22 სექტემბერი.
რუსული მანქანების რიგი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე. 2022 წ. 22 სექტემბერი.

ფინეთმა 200-კილომეტრიანი ბარიერის აღმართვა დაიწყო რუსეთის საზღვარზე. ჰელსინკიში ამას უკავშირებენ შიშებს, რომ მოსკოვმა შესაძლოა მიგრანტების ნაკადი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ფინეთის სასაზღვრო სამსახურში აღნიშნეს, რომ თავდაპირველად გაწმენდენ ტყეს, რასაც უკვე მარტში მოჰყვება გზების მშენებლობა და ბარიერების აღმართვა. ე.წ. საპილოტე პროექტი სასაზღვრო პუნქტ იმარტის რაიონში, რომლის სიგრძე 3 კილომეტრი იქნება, გეგმით ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მთლიანობაში, როგორც ვარაუდობენ, მშენებლობა 2025 წლამდე გასტანს.

სამუშაოების ღირებულებას დაახლოებით 400 მილიონ დოლარად აფასებენ. როგორც იტყობინებიან, კონსტრუქციის სიმაღლე 3 მეტრზე მეტი იქნება. მის მთელ სიგრძეზე გაჭიმული იქნება მავთულხლართები, ზოგიერთ მონაკვეთზე კი ღამის ხედვის კამერების, გამანათებელი მოწყობილობებისა და რეპროდუქტორების დაყენებას გეგმავენ.

როგორც France-Presse-ი აღნიშნავს, უკანასკნელ პერიოდამდე ფინეთის საზღვრები ძირითადად დაცული იყო ხის ღობეებით, რომლებიც შინაური ცხოველების გადაადგილების შეზღუდვისთვის არის განკუთვნილი.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რასაც მოსკოვი ნაწილობრივ უკავშირებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შიშებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ ნეიტრალიტეტს. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოებას გააძლიერებენ.

XS
SM
MD
LG