პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო - მის უკან მსხდომი "ხალხის ძალის" დეპუტატები გიორგი ვაშაძეს გამოსვლას რეპლიკებით აწყვეტინებდნენ.
"მანდატურებს მივმართავ, გააჩუმეთ ეს ხალხი. ახლა მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მეგობრებო, გამოხატეთ თქვენი აზრი, ესენი დარჩნენ მარტო, ასრულებენ დავალებას. ყველა პროვოკაციაზე მიიღებთ პასუხს", - თქვა გიორგი ვაშაძემ სხდომაზე, რასაც ისევ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან. ვაშაძემ მისი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.
"დარბაზიდან გაიყვანეთ, სპეცრაზმები რომ გყავთ მობილიზებული. ესაა თქვენი სახე. ასე ელაპარაკებით ხალხს, არაფერი გაქვთ ხალხისთვის სათქმელი. ხალხის ხმის გეშინიათ, მიიღებთ პასუხს ყველაფერ ამაზე. გაიყვანეთ-მეთქი ეს ხალხი დარბაზიდან. ნუ იჭიმები ერთი [მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს - რ.თ.], წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო, ბურთი გააგორე. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია... რატომ არ გაგყავთ?" - იკითხა ვაშაძემ. შემდეგ მას მიკროფონი გაუთიშეს, პარლამენტმა კი საერთო სიგნალი გათიშა.
სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა და ვაშაძესა და "ხალხის ძალის" დეპუტატებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში პარლამენტის სხვა წევრებიც ჩაერთნენ, იყო გინება და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაშიც იქვე ჩაერია მანდატურის სამსახური.
დაპირისპირების ფონზე სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.
დღევანდელ, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები ძირითადად ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტებს ეხებოდა.
სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია იმართება.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის, თუმცა პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.