Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ადმინისტრაცია ქალაქის მცხოვრებთ მიმართავს, ევაკუაციის შესაძლებლობით ისარგებლონ


რუსი სამხედროების მიერ დაცხრილული სახლი ხერსონში
რუსი სამხედროების მიერ დაცხრილული სახლი ხერსონში

ხერსონის საქალაქო საბჭომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის სისტემატური და მასობრივი დაცხრილვის გამო, ხერსონელებს მიმართა, ევაკუაციისთვის ისარგებლონ უფასო ავტოტრანსპორტით.

საბჭოს მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ჭურვების უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებს ხვდება, ამიტომ ხერსონელებს ურჩევენ, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ საკუთარ და ახლობლების სიცოცხლეს და უფასო ევაკუაციით ისარგებლონ. საქალაქო საბჭო ხერსონელების ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსეთის შეტევების შემდეგ მათ დასახმარებლად მიმავალი მაშველები, ექიმები და პოლიციელები ხდებიან მტრის სამიზნე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონიდან ოდესაში ავტობუსებით უფასოდ გამგზავრება დღეში ორჯერაა შესაძლებელი.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასახლებულ პუნქტებზე შეტევა 65-ჯერ განახორციელეს და თითქმის 360 საარტილერიო, სატანკო და სხვა სახეობის ჭურვი გამოიყენეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე, საიდანაც ქალაქს უტევენ. ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის ოლქი რუსეთის რეგიონად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG