Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენებზე აფეთქებები შესაძლოა პროუკრაინულმა ჯგუფმა მოაწყო


გაზის გაჟონვა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენიდან. 2022 წ. 27 სექტემბერი.
გაზის გაჟონვა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენიდან. 2022 წ. 27 სექტემბერი.

ახალი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე თავდასხმა პროუკრაინულმა ჯგუფმა განახორციელა. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება 7 მარტს.

არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ან მის უშუალო თანაშემწეებს კავშირი აქვთ ოპერაციასთან, ან რომ თავდამსხმელები მოქმედებდნენ უკრაინის მთავრობის რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მითითებით, იუწყება გაზეთი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

აშშ-ის მოხელეები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ სადაზვერვო მასალებზე, აღნიშნავენ, რომ თავდასხმის მონაწილეთა შესახებ მონაცემები არ არის სრული. შესაძლოა ვარაუდი, რომ საქმე ეხებათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჯგუფის წევრებს არ ასახელებენ. ასევე უცნობია, ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და ვინ დააფინანსა ის. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ჯგუფი შესაძლოა შედგებოდა უკრაინის ან რუსეთის მოქალაქეების, ან ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

წყაროებმა, რომლებსაც ეყრდნობა The New York Times-ი, უარი თქვეს იმაზე საუბარზე, თუ რა სახის სადაზვერვო მასალაზეა ლაპარაკი, როგორ მოიპოვეს ის ან იყო თუ არა მასში რაიმე სხვა მტკიცებულებები.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ცნობები „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე აფეთქებების თაობაზე. მეორე გაზსადენი ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ვინაიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ რუსეთიდან გერმანიაში რუსული გაზის მიწოდების მთავარი მაგისტრალი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა.

XS
SM
MD
LG