დღეს, 8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი დაიბარა, რათა "დიდი უკმაყოფილება გამოეხატა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს კომენტარს სამინისტრო ავრცელებს:
"ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის შესრულებას.
კანონის ძალაში შევლა გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლებას".
ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათ საპასუხო კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.