Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 გარე კამერა საკმარისი არ არის - ეროვნული გალერეა 32 ახალ კამერას ყიდულობს


ეროვნული გალერეა, "მასში დაცული ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", 36 ახალ სათვალთვალო კამერას ყიდულობს - მიზეზი გასულ კვირაში გამართული საპროტესტო აქციებია, რომლის დროსაც გალერეას თავი შეაფარა დემონსტრანტების ნაწილმა. ეროვნული მუზეუმი, რომელიც შესყიდვას პირდაპირი, დაჩქარებული წესით აპირებს, განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებმა არსებული კამერების ნაწილი დააზიანეს, მათ კი, რომლებიც დაზიანებას გადაურჩა, კარგად ვერ ასახეს შენობაში შემსვლელი ადამიანების გამოსახულება.

ეროვნულ გალერეაში 2010 წელს დამონტაჟებული სამეთვალყურეო სისტემა სულ 6 გარე კამერას აერთიანებდა. ისინი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის განმარტებით, "დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს."

"ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში აქციის მონაწილეების მიერ შეგნებულად დაზიანდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერიაზე ჭანტურიას ქუჩის მხარეს განთავსებული გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერა, რაც აღბეჭდილია გალერიის შენობის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, ამასთანავე ადგილი ჰქონდა ეროვნული გალერეის დახურულ სივრცეში (საგამოფენო დარბაზებში) აქციის მონაწილეთა შემოჭრის ფაქტს. კამერების ჩანაწერები ნაკლებად ხილულია მისი დაბალი ხარისხის გამო, ხოლო მათი რაოდენობრივი სიმცირის გამო ვერ ხორციელდება პერიმეტრის სრული და სათანადო თვალთვალი. რაც აუცილებელია ეროვნული გალერეისა და მასში დაცული ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მოწყობილობების გამართული მუშაობა წარმოადგენს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისა და დაცვის საგანს, ვინაიდან მათი გაუმართავი მუშაობით შესაძლოა მოხდეს მუზეუმის შენობის, მისი პერიმეტრის, საგამოფენო სივრცეებსა და მათში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, მატერიალურ-ტექნიკური ნივთების დაზიანება, ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება", - ასე ასაბუთებს ეროვნული მუზეუმი 36 კამერის შესყიდვის აუცილებლობას.

36 ახალი კამერის შესყიდვა და მონტაჟი ბიუჯეტს 7 990 ლარი დაუჯდება.

ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა დამთვალიერებლისთვის დაკეტილია 14 მარტამდე. ამის შესახებ ეროვნულმა მუზეუმმა 10 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დამთვალიერებელს ბოდიშს უხდიდა შექმნილი უხერხულობისთვის. ფიროსმანის ნამუშევრები საგამოფენო დარბაზიდან საცავში 9 მარტის ღამეს გადაიტანეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გალერეაში დემონსტრანტების შეჭრის შესახებ.

10 მარტსვე ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გალერეაში შეჭრის ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით.

რადიო თავისუფლებამ შსს-ში სცადა გაერკვია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ ფაქტზე დამოუკიდებლად, აქციაზე ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ფაქტების გამოსავლენად მიმდინარე გამოძიებისგან ცალკე. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG