Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით არახამია ღარიბაშვილის ბრალდებას უპასუხებს მინიშნებით, რომ გამოქვეყნდება „მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები“


დავით არახამია
დავით არახამია

“უკრაინას სურს ევროკავშირში გაწევრიანება თავის ქართველ ძმებთან ერთად და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით“, - წერს უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ტელეგრამში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

არახამიას აზრით, დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. „ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი ისე აჩვენებს თავს, ვითომ არ ესმის. ვფიქრობ, ის დაიწყებს ამის გაგებას, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს", - წერს უკრაინელი დეპუტატი.

12 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის დავით არახამია, საქართველოს საქმეებში „პირდაპირ ჩარევაში“ დაადანაშაულა.

„გამოვიდა კლიჩკო, ფეიგინი, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დავით არახამია სიცრუეს უწოდებს ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინაში ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურდეს.

"საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინაში საქართველოში ომი სურთ. ჩვენ ისე, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა, ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას“, - წერს დავით არახამია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით არახამია გასული წლის ივნისშიც გააკრიტიკა. ღარიბაშვილმა, კერძოდა, აღნიშნა, თითქოს დავით არახამია ევროპასა და აშშ-ში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა.

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს „ფეიკი" უწოდა.

XS
SM
MD
LG