Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში უქმდება უკრაინული ენის შესწავლა


რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ოლქის რაიონებში ახალი სასწავლო წლიდან გაუქმდება უკრაინული ენის სავალდებულო შესწავლა. ის დარჩება მხოლოდ როგორც არჩევითი საგანი მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ეს მათი მშობლიური ენაა. ამის შესახებ იტყობინება ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელენა შაპუროვა.

„ამავე დროს, მხოლოდ რუსული შეიძლება შეირჩეს მშობლიურ ენად. მაშინ გაიზრდება მისი შესწავლის საათების რაოდენობა. თუ მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმა შეისწავლონ უკრაინული, როგორც მშობლიური ენა, მათ უნდა დაწერონ განცხადება თხოვნით, დატოვონ იგი ბავშვის სასწავლო პროგრამაში“, - მოჰყავს რუსეთის სააგენტო „ტასს“ შაპუროვას სიტყვები.

მსგავსი პრაქტიკა რუსეთში 2018 წლიდან, მშობლიური ენების შესწავლის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დაინერგა. რუსეთის ხალხთა კულტურისა და ენების დაცვისთვის მებრძოლი ორგანიზაციების ბევრმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა ეს კანონი და ამტკიცებდა, რომ ის ქმნის რუსული ენის პრეფერენციებს ყველა დანარჩენის საზიანოდ: კერძოდ, გაუქმდა რესპუბლიკების ეროვნული ენების სავალდებულო შესწავლა. ანექსირებულ ყირიმში, სადაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინულ ენას სახელმწიფო სტატუსი ოფიციალურად არ ჩამოართვა, სკოლებში მას პრაქტიკულად არსად ასწავლიან.

2001 წლის აღწერის თანახმად (არ არსებობს უფრო ახალი ოფიციალური მონაცემები), ზაპოროჟიეს რეგიონის მცხოვრებლების 50.2% უკრაინულს მშობლიურ ენად მიიჩნევდა. რუსეთი ახლა აკონტროლებს რეგიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტს, მაგრამ არა მის ცენტრს - ზაპოროჟიეს. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება და ფრონტის ხაზი შესაძლოა სექტემბრამდე შეიცვალოს.

XS
SM
MD
LG