Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეებს აღძრავს


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მალე აღძრავს ორ სისხლის სამართლის საქმეს ომის დანაშაულების ბრალდებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და ასევე გასცემს დაპატიმრების ორდერებს რამდენიმე პირზე, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებში.

სააგენტო „როიტერსი“ და გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, რუსეთს ბრალდება წარედგინება ორ მუხლის მიხედვით: უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში ბავშვების გადაყვანა, რასაც კიევი ძალადობრივად მიიჩნევს და მასში გენოციდის ნიშნებს ხედავს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის უპირებს სასამართლო თითოეულ საქმეზე ბრალის წაყენებას. „ნიუ-იორკ ტაიმსს“ ზოგიერთმა წყარომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ ბრალის წაყენების შესაძლებლობის შესახებ აცნობა. მაგრამ გამოცემა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის პერსპექტივა დაბალია. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ვერ განიხილავს საქმეებს დაუსწრებლად, ხოლო რუსეთი არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას და, პრინციპში, არც თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ ექსტრადიციას თანხმდება.

XS
SM
MD
LG