Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია „ვივამედის" განცხადებაზე: უკვე გასაგები იყო, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია

კლინიკა „ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. ის აცხადებს, რომ იგეგმება სააკაშვილის ციხეში დაბრუნება. როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„ვივამედის“ არცერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. მე მაშინვე ამოვიკითხე, რომ თურმე უკანასკნელ სამ დღეს ამან [მიხეილ სააკაშვილმა] დაიწყო ისევ თვითდაზიანება. უკვე გასაგები იყო, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ, - აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში და განაგრძო, - ვის არ ემორჩილება კონკრეტულად, საინტერესოა. რომელ მედპერსონალს? არცერთი ექიმისგან არ გამიგია ეს, ვინც მკურნალია და ვინც გვერდზე ედგა, გარდა ქალბატონი თამარისა, რომელიც წავიდა. მას ასევე უბრძანეს, რომ წასულიყო. სხვა რომელი მკურნალობა შესთავაზეს? ყველაზე გადაუდებელი რაც არის მისთვის, ეს არის ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოყვანა, ვინმემ შესთავაზა აქ? ვინმე იღებს თავის თავზე, რომ შესთავაზა, რომ მძიმე მეტალებს გამოიყვანენ? ის, რომ დეტოქსიკაციას გაუკეთებენ, ვინმემ შესთავაზა? არც ერთხელ არ გამიგია არავისგან".

„სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მე შემიძლია ვთქვა, რასაც ველოდებით ამ განცხადების შემდეგ - აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას", - აღნიშნა მან. ჩალაძის აზრით, „კლინიკის განცხადება არის პასუხი მოახლოებულ სანქციებზე და საერთაშორისო რეაგირებაზე, რაც იყო. მეორე, ეს არის ალიბის შექმნა, იმიტომ რომ იციან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და რაც შეიძლება გაქცევა უნდა კონკრეტულად „ვივამედს“ და ამ პრობლემისგან თავის არიდება. მესამე, ეს არის დასჯის მექანიზმი, ძალიან მკაცრი და პირდაპირ სასიკვდილოდ გადადება".

22 მარტს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა კლინიკა „ვივამედმა". კლინიკა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაშია საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.
XS
SM
MD
LG