ხუთ ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სამი დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. უწყების მიერ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღწერილია რაკეტის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი და სამაშველო ოპერაციის მსვლელობა.
"საგანგებო სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიღეს. ერთი ადამიანი ნანგრევებიდან გადარჩენილი ამოიყვანეს. ჯამში, ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი და 2 მამაკაცი დაიღუპა", - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ანგარიშში.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემიდან განახორციელა იერიში კონსტანტინოვკაში მდებარე ე.წ. „უძლეველობის ცენტრის“ ერთ-ერთ შენობაზე. ერთი რაკეტა უშუალოდ შენობას მოხვდა, მეორე კი შენობის მახლობლად ჩამოვარდა. რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო და საარტილერიო იერიშებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, უკრაინის ხელისუფლებამ ყველა ქალაქში შექმნა „უძლეველობის ცენტრები“, სადაც დაბომბვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აფარებს თავს.