Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მომეჩვენა, რომ უზარმაზარ ქორწილში მოვხვდი“ - თუმანიანი და თბილისი


ჰოვანეს თუმანიანი
ჰოვანეს თუმანიანი

„თუმანიანი და ტიფლისი“ - ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც თბილისელი სომხის, მწერალ ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ამ დღისთვის ერევნიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოიტანეს ექსპონატები, მათ შორის ყუთი, რომელშიც თუმანიანის გული ინახებოდა.

„1883 წელს, თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სასწავლებელში ჩასაბარებლად, მომეჩვენა, რომ უზარმაზარ ქორწილში მოვხვდი. ზურნა, დოლი, დაირა, ნაღარა, ტაში-სიცილი, ცეკვა, სიმღერა, და თანაც არა სახლში, არამედ გარეთ, სახლების წინ სახურავებზე. კვირას და სადღესასწაულო დღეებში ხომ თავი უნდა გვქონოდა ამდენის ატანის. მორთულ, მოკაზმულ ქალაქს წკრიალი გაჰქონდა“, - ეს ჰოვანეს თუმანიანის სიტყვებია.

თბილისში ის ლორედან ჩამოვიდა, დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე აქ იცხოვრა. ლიტერატურის მუზეუმის ერთ კედელზე იმ სახლების ფოტოები კიდია, რომლებშიც ჰოვანესი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა, სულ ათი სახლია, ბოლო ამაღლების ქუჩაზე დგას, დღეს იქ კულტურის სახლია გახსნილი.

სახლები, რომლებშიც თუმანიანი ცხოვრობდა.
სახლები, რომლებშიც თუმანიანი ცხოვრობდა.

ჰოვანეს თუმანიანი წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს. მოთხრობა „გიქორი“ ქართულ სასკოლო პროგრამაშიც იყო შეტანილი. მის საუკეთესო პოემებად „ანუში“ და „მარო“ მიიჩნევა. მეგობრობდა ქართველ მწერლებთან: ტიციან ტაბიძესთან, კოტე აფხაზთან, კომპოზიტორთან ზაქარია ფალიაშვილთან. „ცისფერყანწელები“ მისი სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ.

ცოლადაც თბილისელი გოგო მოიყვანა, ათი შვილი გაუჩნდათ.

„ქართველო ძმებო, ჩვენო ძველთაძველო ძმებო, გატანჯულო ძმებო, მაგრამ მუდამ თავისუფალი და ამაღლებული სულის მქონე ძმებო!

თუ ხალხის ლიტერატურა მისი სულის რეალური ანარეკლია და ამ სულის მატარებელი პოეტია, მაშიმ მე სომეხთა სული მომაქვს თქვენთვის. ყველაზე აღმატებული, რაც კი შეიძლება ჰქონდეს ხალხს და ადამიანს“, - წერდა ჰოვანეს თუმანიანი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა, ჰოვანესი ქართულად არ წერდა, მისი ნაწარმოებები იოსებ გრიშაშვილს აქვს ნათარგმნი. გრიაშაშვილს ჰოვანესზე ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„სომხის ერის პოტენცია ოვანეს თუმანიანის პოეზიაში ჭარბად არის გადმოღვრილი, იგი მთელი ეპოქის დამახასიათებელი მგოსანია.

თუმანიანი გულწრფელი მეგობარი იყო საქართველოს კულტურის, კეთილშობილი რაინდი. ოვანეს თუმანიანი იშვიათი სპეტაკი პიროვნება იყო: სიყვარულის განხორციელება“.

ჰოვანეს თუმანიანი 1923 წლის 23 მარტს მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სომეხთა პანთეონში. თუმცა, მისი გული დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში, სპეციალურ ყუთში ინახებოდა, შემდეგ კი მის მშობლიურ ლორეში დაკრძალეს.

ყუთი, რომელშიც ჰოვანეს თუმანიანის გული ინახებოდა.
ყუთი, რომელშიც ჰოვანეს თუმანიანის გული ინახებოდა.

ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახში ერევანში გადასახლდა. მოგვიანებით იქვე გაიხსნა ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი.

თბილისში მოწყობილი გამოფენისთვის ერევნის მუზეუმიდან 26 ექსპონატი ჩამოიტანეს, მათ შორის ყუთი, რომელშიც თუმანიანის გული ინახებოდა, ხელნაწერები და წიგნები.

„ექსპონატებიდან სამი იმას მოწმობს, თუ როგორ პატივს სცემდა თუმანიანი შოთა რუსთაველს, ესენია: რუსთაველის ბიუსტი, რუსთაველის მედალიონი და პატარა ქანდაკება.

თუმანიანის ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი წიგნია საქართველოზე. ყველას ვერ ჩამოვიტანდით და რამდენიმე შევარჩიეთ“, - თქვა ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანიე იეღიაზარიანმა.

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ გამოფენილი ნივთები აჩვენებს, როგორი იყო თბილისი მე-19 საუკუნეში.

ლაშა ბაქრაძე (შუაში) გამოფენაზე
ლაშა ბაქრაძე (შუაში) გამოფენაზე

„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვიცით ერთმანეთის შესახებ, საქართველოსა და სომხეთში. რაც მეტი გვეცოდინება, მით უფრო უკეთესი ურთიერთობა გვექნება. მე-19 საუკუნეში თბილისი იყო სომხური კულტურის ცენტრი. ამის გახსენება ქართველებისთვისაც ძალიან მნიშნვნელოვანია“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ჰოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილი გამოფენა 13 აპრილამდე გასტანს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG