Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს კაცი, რომელმაც ვიდეოების გავრცელების მუქარით ქალს სექსუალური კავშირი მოსთხოვა


ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი
ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი

ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდება ქვეყანაში კიდევ ხუთ კაცს წუყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მონაცემები ბოლო ორი თვის სტატისტიკას ასახავს.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია:

  • ყვარელში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ. 2022-2023 წლებში ქალისგან მოტყუებით მოპოვებულ შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა - მან "ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა". კაცი საგამოძიებო სამსახურმა 14 მარტს დააკავა და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა. კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ შეხვედრის დროს ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით ქალთან სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა. კაცი 2023 წლის 23 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;
  • ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოსა და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დააკავეს ორი კაცი: გარდაბანის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინათ და ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ;
  • პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ამხილეს 1974 წელს დაბადებული გ.ქ. კაცმა 2020 წლის სექტემბერში "სხვა პირისადმი მესაკუთრეობით დამოკიდებულების მოტივით" მეგობარი ქალსა და სხვა პირს შრის "ფეისბუკში" არსებულ მიმოწერას გაეცნო და დაასურათა. დაზარალებულის მოთხოვნის მიუხედავად, მან შენახული მასალა არ წაშალა. კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური აკავებს კაცს, რომელიც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმურ ფოტოებს უვრცელებს და შანტაჟისთვის იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG