Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WP: ყირიმი გადაიქცა "ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ" ტერიტორიად საომარ ზონაში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებულ ყირიმში ააშენა თავდაცვითი ობიექტების მთელი ქსელი - ამ დასკვნამდე მივიდნენ გამოცემა Washington Post-ის ჟურნალისტები თანამგზავრის მიერ გადაღებული იმ ფოტოსურათების საფუძველზე, რომლებიც კომპანია Maxar-მა წარმოადგინა.

გამოცემა ნახევარკუნძულს უწოდებს "ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამაგრებულ" ტერიტორიას საომარ ზონაში - თუმცა ყირიმი ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან დიდი მანძილის მოშორებით მდებარეობს.

გაზეთი, მათ შორის, აქვეყნებს ყირიმის სოფელ მედვედევკის ფოტოებს - 11 თებერვალს გადაღებულ ფოტოზე, მდინარე სივაშის მხრიდან ჩანს სანგრების მთელი ქსელი, რომელთა სიგრძეც ზოგ შემთხვევაში 900 მეტრს აჭარბებს. იქვე განლაგებულია ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ნაგებობების, ე.წ. "დრაკონის კბილების" სამი რიგი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო კვირებში ამგვარი თავდაცვითი ნაგებობები განსაკუთრებული სისწრაფით ჩნდება ყირიმში.

მარტის დასაწყისში ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ ნახევარკუნძულზე მიმდინარეობს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა. კრემლში მანამდე ამას უარყოფდნენ. თავდაცვითი ხაზების აშენების საჭიროება აქსიონოვმა სიფრთხილით ახსნა.

XS
SM
MD
LG