Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესებუას ადვოკატი პროკურატურის ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილს სადავოდ არ ხდის


კადრი ვიდეოდან: ბადრი ესებუა. ზუგდიდის რაიონული სასამართლო. 6 აპრილი, 2023 წელი
კადრი ვიდეოდან: ბადრი ესებუა. ზუგდიდის რაიონული სასამართლო. 6 აპრილი, 2023 წელი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილო ნივთიერი მტკიცებულებების უმრავლესობა უდავოდ ცნო და მხოლოდ ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებისა და მასრების გამოკვლევა მოითხოვა.

ამ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე შემდეგ სხდომაზე, 10 აპრილს, გამოიკვლევს.

ნივთიერი მტკიცებულებებიდან დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოკვლეული იქნება მხოლოდ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი მასრები და ასევე ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი სუნის ნიმუშები. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ეს იყო სხვადასხვა ნივთები ამოღებული ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლიდან, საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს მტკიცებულებები ჩავთვალეთ არაარსებითად და მივიღეთ, როგორც პრედუქციული ძალის მქონე მტკიცებულებები“, - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა ერთი მოწმე. ზუგდიდელმა სლავა ვეკუამ გაიხსენა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” ცოლთან ერთად იმყოფებოდა თანხის გადასარიცხად, როცა მოულოდნელად ორი გასროლის ხმა გაიგონა.

მოწმის სიტყვებით, ამ დროს მეორე სართულზე აირბინა და იქიდან, აივნიდან, სახანძრო კიბით გაქცევა შეძლო, ცოლმა კი - ვერ მოასწრო და თავდამსხმელის მძევლობაში რამდენიმე საათი გაატარა.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზეც გაგრძელდება.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG