საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფეისბუკზე ეხმიანება კოლეგის, ლევან თევზაძის სტატუსს ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ და ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, მასაც დაუწესონ სანქცია.
მოსამართლე ლევან თევზაძემ 6 აპრილს დაწერა, რომ მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ვერ შეაშინებთ. მან სანქციები, რომლებიც 4 ქართველ მოსამართლეს კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის გამო დაუწესდათ, "ლინჩის წესით გასამართლებას" შეადარა. ლევან თევზაძე 2021 წლის ივლისიდან არის არჩეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
თევზაძის სტატუსის პასუხად ვლადიმერ კაკაბაძემ დაწერა, რომ ეთანხმება მის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ქართული სასამართლოს დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტებს.
"ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია", - წერს მოსამართლე და კითხვით მიმართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვიეტნამის ომთან დაკავშირებით.
აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.