საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ პროექტში გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და უკვე განახლებულ ვერსიაზე მსჯელობას იწყებენ.
ოხანაშვილმა პროექტის ხელახალი წარდგენისას ჩამოთვალა ვენეციის კომისიის შენიშვნები და მათთან მიმართებით მუხლობრივად შეცვლილი საკითხები, მათ შორის ის, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება არა საქართველოს მთავრობას, არამედ ახალშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭოს:
"ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პოლიტიზებული არ უნდა იყოს პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი და მაქსიმალურად უნდა დაიცალოს ეს პროცედურა პოლიტიკისგან...
გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს. შესაბამისად, სრულად იქნება დეპოლიტიზებული ეს საკითხი. ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის და უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე. ბიუროს ხელმძღვანელი არაპოლიტიზირებული პირია."
ოხანაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე დააზუსტეს პირის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ზეგავლენის შესახებ ჩანაწერები.
დეპუტატის თქმითვე, კანონპროექტიდან სრულად ამოიღეს "უმწიკვლო საქმიანი რეპუტაციის დეფინიცია", რადგან ვენეციის კომისიის დასკვნით, ეს ჩანაწერი "ბუნდოვანი" იყო.
პროექტიდან ასევე ამოიღეს პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო, სხვა კამპანიებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი, რაც პირის ოლიგარქად ცნობის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო.
"აქ ვენეციის კომისიამ დაინახა შესაძლო რისკები უფლებების შელახვის... ეს საკითხი საერთოდ ამოვიღეთ, ანუ პირი თუ იქნება ოლიგარქად ცნობილი, მას შეეძლება დაფინანსება", - თქვა ოხანაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პირი, რომლის ოლიგარქად ცნობაზე ანტიკორუფციული ბიურო სხდომას გამართავს, ინფორმაციას მიიღებს სხდომიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, 10 დღის ნაცვლად. ხოლო თუკი მას ოლიგარქად ცნობს ანტიკორუფციული ბიურო, ამის სასამართლოში გასაჩივრება შეეძლება.
"ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს იმისათვის, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ვალდებული იქნება დაასაბუთოს, რატომ არის ან რატომ არ არის ის ოლიგარქი.
ჩვენ შემოგვაქვს მექანიზმი, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, ანუ გასაჩივრდება და ის გათვალისწინებულია 2 ინსტანციით. თუკი პირი ცნობილია ოლიგარქად და ასაჩივრებს ამას, მის შესახებ გადაწყვეტილება არ შევა ძალაში მანამ, სანამ არ დასრულდება სამართალწარმოება. საბოლოოდ ამ პირზე გამოქვეყნდება მინიმალური რეკვიზიტები", - განმარტავს ანრი ოხანაშვილი.
სხდომის ბოლოს კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ინიციირებული.
ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან.
მათ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, „ბუნდოვანი კრიტერიუმების“ გამო, ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.
ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას ენიჭებოდა.